მასწავლებლის თვითშეფასება


   2015 წლის 23 მარტს, Vდ კლასში  ჩავატარე კლასის საათი თემაზე ,,დედაშვილობა-წერილი დედას“. სადამრიგებლო საათის მიზანი იყო  მოსწავლეებში პიროვნული, მორალური და სოციალური უნარების განვითარება, სხვადასხვა სიტუაციაში მყოფი ადამიანების განცდების გაზიარება და სხვათა ემოციების საკუთარ თავზე გამოცდა, თანაგანცდის უნარის განვითარება. კლასის საათი წარიმართა პრეზენტაციის მეთოდით-ჯგუფებისთვის როლების განაწილებით.
პრეზენტაციების მომზადებამდე  გაიმართა ორი შეხვედრა. პირველ შეხვედრაზე გონებრივი იერიშით მოხდა ჯგუფებისთვის დავალებების შერჩევა, დავალებები შემდეგნაირად გადანაწილდა:
   ჯგუფი 1-მოსწავლეებს თავი უნდა წარმოედგინათ ბავშვთა სახლში, დედისაგან მიტოვებული პატარების ადგილას, გაეთავისებინათ მათი ტკივილი, განცდა, დედის ალერსის ნაკლებობა და ამ ემოციით მიეწერათ ტკივილიანი და სევდიანი მონატრების წერილი დედისთვის.
   ჯგუფი 2- მოსწავლეებს თავი უნდა წარმოედგინათ უცხოეთში, სასწავლებლად წასული ბავშვების ადგილას. უნდა გადმოეცათ მათი განცდა, თუ რას იგრძნობდნენ დედისგან შორს, მის ჩახუტებას და ღიმილს მოკლებულნი და მიეწერათ მონატრების წერილი მისთვის.
  ჯგუფი 3-მოსწავლეებს  იმ ბავშვების ადგილას უნდა წარმოედგინათ თავი, რომლებსაც დედა  ავად ჰყავთ და ძალიან უნდათ, რომ გამოჯანმრთელდეს, განეცადათ ასეთი შვილების მდგომარეობა და დედის გაჯანსაღების იმედითა და სიყვარულით სავსე წერილი მიეწერათ მისთვის.
   ჯგუფი 4-მოსწავლეებს ისეთი სიტუაცია უნდა წარმოედგინათ, როცა მიუხედავად დიდი სიყვარულისა, მაინც ხშირად ტკენენ  საქციელით დედებს გულს. შემდეგ აცნობიერებენ შეცდომას და ბოდიშს უხდიან ხოლმე მას,    სწორედ ასეთ სიტუაციაში მყოფი ბავშვის მდგომარეობის გააზრებით უნდა მიეწერათ პატიების წერილი დედისთვის.
    მეორე შედხვედრაზე მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობით მოახდინეს  მიცემული დავალებების შედეგების  ერთმანეთისთვის გაცნობა და საპრეზენტაციო პოსტერების მომზადება, ბოლო შეხვედრაზე კი  მოხდა პრეზენტაცია.
   პრეზენტაციის ბოლოს (რადგან ბავშვები ჯერ ისტ-ს ვერ ფლობენ კარგად), მე  მათ დედებს მივუძღვენი დაახლოებით სამ წუთიანი  ვიდეორგოლი.

   პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი-ინგა ვარდიძე, სასწავლო ნაწილის გამგე-ზოია ბალიაშვილი, დაწყებით კლასებში ბავშვების ყოფილი კლასის ხელმძღვანელი-თეა ივანიძე და მშობლები. პრეზენტაციამ საკმაოდ ემოციურ ფონზე ჩაიარა.
    ჩემი აზრით, მოსწავლეებმა მოახერხეს საკმაოდ შთამბეჭდავად და ემოციურად გადმოეცათ  დედისთვის მიწერილი ბარათები, ვფიქრობ, ჯგუფის თითოეულმა წევრმა  დაკისრებულ დავალებას კარგად გაართვა თავი, გაითავისა სხვადასხვა სიტუაციაში მყოფი ბავშვის მდგომარეობა, განუვითარდა თანაგანცდის უნარი და თვალზე გულწრფელი ცრემლიც კი მოადგა....

No comments:

Post a Comment