წერილი დედას-ჯგუფი 3.

ჯგუფი 3

ლიდერის სიტყვა:

  მოგესალმებით, ჩვენი ჯგუფის დავალება იყო იმ ბავშვების ადგილას წარმოგვედგინა თავი, რომლებსაც დედა ძალიან ავად ჰყავთ და ძალიან უნდათ, რომ გამოჯანმრთელდეს, განგვეცადა ასეთი შვილების მდგომარეობა და დედის გაჯანსაღების იმედით და სიყვარულით სავსე წერილი მიგვეწერა მისთვის.
   ჩვენი ჯგუფის წევრებიც შევიკრიბეთ, ერთად გადავიტანეთ ჩვენი განცდა ფურცელზე და ასეთი თბილი, სევდანარევი, მაგრამ იმედით სავსე წერილი მივწერეთ დედას:

წერილი დედას

   ,,ჩემო საყვარელო დედა! მე ვიცი, რომ სულ ცოტა ხნის წინ საშინელი ავდმყოფობა დაგიდგინეს. თავზარი დამეცა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ხსნა არსებობდა.
  შევედი ტაძარში, დავემხე ღვთისმშობლის ხატთან და მწარედ ავტირდი, თან შეწევნას და დახმარებას ვევედრებოდი. ასე ვიყავი დიდხანს...
   მერე ვიღაც შემეხმიანა, წამოდექი, მეუფე მობრძანდებაო. მე წამოვდექი და დავინახე, როგორ შემობრძანდა ტაძარში მადლით მოსილი მეუფე. ხატებს მიეახლა, თაყვანი სცა, შემდეგ შემომხედა, თვალზე ცრემლი რომ შემამჩნია, თავზე ხელი დამადო და მკითხა, რა მაწუხებდა. მე დამწუხრებულმა ავუხსენი, რომ დედა მყავდა ძალიან ავად.

  მან დამამშვიდა, დამიყვავა და დამარიგა, რომ დედა ღვთისმშობლის მიმართ მელოცა და თუ  გულმხურვალედ შევთხოვდი, ის აუცილებლად შეგვეწეოდა.
   მეუფის სიტყვებმა დამამშვიდა, რწმენა გამიჩინა, რომ მოხდებოდა სასწაული და ჩემი დედიკო განიკურნებოდა.

  ჩემო დედა, ძალიან მენატრები, არ მინდა უშენობა, ვიცი, რომ მალე კარგად გახდები. შენ რომ არ დაიღალო, მე დაგეხმარები სახლის დალაგებაში, სადილის მომზადებაში, ჩემი ხელით მოგაწვდი ,,უკვდავების“ წამალს. მირჩევნია სულ მიბრაზდებოდე და მაინც გეხუტებოდე.

  დედიკო, მე მჯერა, რომ შენ გამოჯანმრთელდები. ისევ ერთად ვიმღერებთ, ვიცეკვებთ, ვისეირნებთ, ერთად ვუყურებთ ფილმებს, ვითამაშებთ და ვიცინებთ ბევრს, ძალიან ბევრს, ერთად შევხვდებით თუნდაც ტკივილიან, მაგრამ იმედიან აისს და დაისს!

  დედა, არ იდარდო, მე ძლიერი ვიქნები, არ დავნებდები, არ მოვდუნდები, არ მოვეშვები. ვილოცებ, გულმხურვალედ ვილოცებ. მჯერა, რომ დედა ღვთისა შეისმენს ჩემს ვედრებას და შენს თავს მაჩუქებს ისევ ისეთ ხალისიანს, ღიმილიანსა  და იმედიანს.
მიყვარხარ და ყველაფერს გავიღებ, რომ შენს თვალებში სევდა და დარდი აღარ დავინახო.
  მიყვარხარ ჩემო დედიკო, ვიცი, რომ ჩემი გულიდან ამოსული ეს სიტყვები გაგაძლიერებს და გაგაძლებინებს!


***
ახლო წარსულში შიშმა შემიპყრო,
საფრთხე დაგემუქრა დედა,
შენს გულს გაუჭირდა, ცოტა წაბორძიკდი,
როგორ შემეშინდა დედა!

წუთი გაიყინა, წამი გაირინდა,
თვალზე გადამეკრა ბინდი,
უშენოდ ცხოვრებას აზრი არ ექნება,
ირგვლივ ჩამოწვება ნისლი!..

შენთან განშორება მაშინაც არ მინდა
ას წელს რომ ითვლიდე დედა,
ახლა მითუმეტეს, ღმერთმა დამიფაროს,
რომ ვერ დაგიძახო ,,დედა“!

შენი სიყვარული ჩემში ჩაბნეულა
მრავალ მარგალიტად დედა,
ჩემო სანატრელო, ჩემო საყვარელო,
დიდხანს გამიღიმე დედა!...

,,სანამ დედა გყავს, ნუ გეშინიაო!“
განა ფუჭად უთქვამთ, დედა!
შვილის იმედი და შვილის ნუგეშია,
ქვეყნად მოვლენილი დედა!
ჯერ ხომ პატარა ვარ, ძალიან მჭირდები,
ნუ მიმატოვებ, დედა!“


       ჯგუფის წევრები:

               1.    ბალახაშვილი გვანცა(ლიდერი);
               2.    გვირჯიშვილი გურამი;
               3.    გიგოლაშვილი ანუკი;
               4.    კორტი ივანე;
               5.    ბერიძე თამარი;
               6.    მელიქიძე ნანუკა


No comments:

Post a Comment